ძლიერმა წვიმამ ბათუმში ყველაზე მეტად ჭაობის დასახლება დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ბათუმში ყველაზე მეტად ჭაობის დასახლება დააზარალა.

სულაბერიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ეზოები და სარდაფები წყალმა დაფარა. ადგილობრივების განცხადებით, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო, მათი უბანი ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ იტბორება.

დატბორვის გამო საავტომობილო გადაადგილება გართულებული იყო ლერმონტოვის, გორგილაძის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ბაგრატიონის და თავდადებულის ქუჩებზე. უხვი ნალექის შედეგად ასევე დატბორა ზღვისპირა ზოლზე ხიმშიაშვილის ქუჩა და ე.წ "ოცნების ქალაქი", სადაც ფიცრულებში მცხოვრებ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბათუმში ქუჩების, ეზოებისა და სარდაფების დატბორვის შესახებ მათთან სულ 50-მდე შეტყობინება შევიდა.

მაშველებმა ზღვიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები. ბათუმის სანაპიროებზე 4-დან 4.5-მდე ბალის შტორმი დაფიქსირდა. ღელვას სანაპიროს ნგრევა არ მოჰყოლია.