როგორ ამოწმებენ საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს

საქართველოში მომხარებული პროდუქტების დიდი ნაწილი იმპოტირებულია. საინტერესოა, რამდენად სიღრმისეულად ამოწმებენ შემოტანილ საკვებ პროდუქტს და რომელი უწყება ამოწმებს მას. როგორც გავარკვიეთ, ვიდრე იმპორტირებული საქონელი ბაზრებისა თუ სუპერმარკეტების დახლებზე დაიკავებს ადგილს, იგი საზღვარზევე მოწმდება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი კობეშავიძის თქმით, საკვები პროდუქტი საზღვარზე რამდენიმე ეტაპიან კონტროლს გადის.

-საზღვარზე ვახორციელებთ სამი ტიპის კონტროლს - ფიტო სანიტარული კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ჰიგიენურ-სანიტარული კონტროლი. რაც შეეხება საკვებ პროდუქტს, მათ შემოწმების სამი ეტაპი უნდა გაიარონ, პირველ რიგში ხდება დოკუმენტური კონტროლი, ანუ დოკუმენტების შემოწმება, საიდანსც ირკვევა თუ რა კონტროლს ექვემდებარება საქონელი. თუ საქონელმა დოკუმენტური კონტროლი ვერ გაიარა, პირდაპირ ვიღებთ გადაწყვეტილებას პროდუქტი განადგურდეს თუ უკან გაბრუნდეს. შესამოწმებელ სურსათს თან უნდა ახლდეს სერთიფიკატი, ეს შეიძლება იყოს ფიტოსანიტარული ან ვეტერინარული სერთიფიკატი, სადაც ნათქვამია, რომ სურსათი შემოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

თუ მოთხოვნილი დოკუმენტები ახლავს პროდუქტს, მაშინ გადავდივართ მეორე ეტაპზე - იდენტურობის კონტროლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც დოკუმენტებშია მოცემული, ზუსტად ის საქონელი არის სატვირთო საშუალებაში. ანუ იხსნება ყველა პარტია და ვადარებთ დოკუმენტებს. მაგალითად, თუ დოკუმენტში წერია, რომ გაყინული ღორის ხორცის პარტიაა, ყველა ყუთზე თავისი სასაქონლე პარტიის ნომერი უნდა იყოს დატანილი.

-როცა ამ შემოწმებასაც გაივლის საქონელი, შემდეგი ეტაპი რას მოიცავს?

-როცა დავრწმუნდებით, რომ დოკუმენტიც და საქონელიც იგივეა, გადავდივართ ფიზიკურ შემოწმებაზე. მაგალითად თუ ხორცზეა საუბარი, მოწმდება სუნი, გემო, მიკრობიოლოგია, დარღვეულია თუ არა ტემპერატურული რეჟიმი, ამ ყველაფერს ვეტერინარი ამოწმებს. ფიზიკურ კონტროლშია გაერთიანებული ე.წ. მონიტორინგის გეგმა, რომელიც შეთანხმებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

მონიტორინგის გეგმა არის ქვეყნის საქონლის და დაავადების ერთობლიობათა ცხრილი, მარტივად რომ აგიხსნათ, მაგალითად,

მონიტორინგის გეგმაში კარტოფილზე განსაზღვრულია 20%, რაც ნიშნავს იმას, რომ კარტოფილის მოცემული ათი პარტიიდან, ორი პარტიიდან უნდა ავიღოთ ნიმუში ლაბორატორიაში გასაგზავნად, ეს ნიმუში კი სისტემის მიერ შეირჩევა - შემთხვევითი წესით. გარდა ამისა, თავად სანიტარს და ვეტერინარს შეუძლია ეჭვის საფუძველზე აიღოს ნიმუში და გაგზავნოს ლაბორატორიაში.

-თუ საკვებმა პროდუქტმა შემოწმება ვერ გაიარა რა ხდება შემდეგ?

-არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ორი გზა: საქონლის უკან გაბრუნება ან განადგურება, მესამე ვარიანტია გადამუშავება, ოღონდ აქ დოკუმენტები აუცილებელია. საქონლის განადგურება თანხმდება ჩვენს სამსახურთან და ეს შეიძლება იყოს დაწვა, დამარხვა ან სხვა მეთოდი. სურსათი იმ შემთხვევაში ნადგურდება, როდესაც ლაბორატორიის დასკვნა არის უარყოფითი, ან როდესაც არანაირი დოკუმენტები არ არის ან დოკუმენტების და საქონლის თანხვედრა არ ხდება.

-ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნებიდან შემოსული საკვები პროდუქტი ვერ გადის შემოწმებას?

-გააჩნია საქონელს, მაგალითად თურქეთიდან და სომხეთიდან შემოსული კარტოფილი, ხორცი, რუსეთიდან შემოსულ საქონელსაც ვაბრუნებთ ხოლმე უკან. ზოგადად კი, საკვებ პროდუქტზე დარღვევები ხშირად არ არის იმიტომ, რომ ვცდილობთ საქონელმა კონტროლი ბოლომდე გაიაროს. ასეთი ტიპის კონტროლი 2012 წლიდან არის დაწყებული, 2012-2013 წლებში გაცილებით მეტი დარღვევა იყო, უკვე ბოლო ორი წელია დარღვევებმა იკლო.

თეა ბეჟიტაშვილი

წყარო ALLNEWS