მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

2016 წლის ივლისში, 2016 წლის ივნისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, თუმცა ინდექსი 2,3 პროცენტით შემცირდა წლიურ ჭრილში, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 21,8 პროცენტით გაიზარდა.

„2016 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდა გამოიწვია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 1,5 პროცენტით ზრდამ. სექციაში ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (9,9 პროცენტი). ფასების 7,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 5,4 პროცენტით. ფასები ასევე შემცირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (-3,7 პროცენტი), ქიმიური წარმოების (-16,1 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-6,7 პროცენტი) ქვესექციებზე; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 2,43 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.