ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს საქართველოში?!

"პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს... ვიმედოვნებთ,­ რომ სხვა მედიასაშუალებებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას, იგრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და უარს იტყვიან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე.

როდესაც პრობლემაზე ან უბედურებაზე­ თვალს ხუჭავ, ზრდი შანსს, რომ ის შენს ოჯახსაც მიუკაკუნებს. შემდეგ უკვე საკუთარ­ ტყავზე იგრძნობ, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენს ტრაგედიაზე სხვები ხუჭავენ თვალს. ეს ეხება ყველას - რიგითი მოქალაქით დაწყებული და ხელისუფლების მაღალჩინოსნით დამთავრებული.

ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის­ ონლაინთამაშებზე დამოკიდებულებას პრობლემა რომ ვუწოდოთ, ძალიან რბილი შეფასება გამოგვივა. პრობლება შესაძლოა, 10-15 წლის წინ იყო. დღეს ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების "მძევლების" რაოდენობიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ეროვნულ უბედურებასთან.

პარადოქსულია - ეს ეროვნული უბედურება, ერთი მხრივ, ლეგალიზებულია და, მეორე მხრივ, ფართოდ რეკლამირებული.

სტატისტიკა მრავლისმეტყველი და შემზარავია: მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად,

ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს.­ მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა. საქართველოში ამ ასაკის მილიონზე­ ცოტა მეტი ადამიანია და გამოდის, იმ ასაკო­ბრივ ჯგუფში, რომელმაც უნდა ისწავლოს, იმუშაოს, ოჯახი შექ­მნას, სახელმწიფოს განვითა­რებაში წვლილი შეიტანოს, ლამის ყოველი მეორე ადამიანი ონლაინთამაშების­ "მძევალია". საქართველოს მოსახლე­ობის სრული რაოდენობიდან გამომდინარე კი, ლამის ყოველი მეოთხე-მეხუთე.

მართლაც ერთი ნაბიჯია, რომ ამ უბედურებამ თითოეულ ჩვენგანს მიუკაკუნოს.

ვეღარც მოვთვლით, რამდენჯერ გაგვი­შუქებია კონკრეტულ მაგალითებზე დაყრ­დ­ნ­ობით, რომ ონლაინთამაშების "მძევალი" რამდენ ადამიანს აუბედურებს გარშ­ემო, ოღონდ თამაში გააგრძელოს. ღატაკდ­ება და ინგრევა ოჯახები, ბავშვები მშობლების­ გარეშე, მშობლები კი, შვილების გარეშე რჩებიან. მეტიც, ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების მსხვერპლს იმდენად აქვს დამახინჯ­ებული ფსიქიკა, რომ თამაშის გაგ­რძელების მიზნით შვილსაც სწირავს, მშობელსაც და მეგობრებსაც. და როდესაც ხვდება,­ თუ რას სჩადის, ხშირად ერთადერთ ხსნას სუიციდში ხედავს. ყველაზე დიდ რისკის ჯგუფში არიან სო­ციალურად­ დაუცველები და მცირე შემოსავლის მქონე­ მოქალაქეები, რომლებსაც ცნობილი ელიოზის არ იყოს (ფსიქოლოგებმა მოთამაშეების მიერ ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე დამყარებულ იმედს "ელიოზის სინდრომი" უწოდეს), ნატვრისთვალის პოვნის იმედი აქვთ, თუმცა ხელში ვალების გროვა რჩებათ, რომელთა გამსტუმრებელი არავინ არის.

"წითელი რისკის" ჯგუფში კი, არასრულწლოვნები არიან, რომელთა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედებს ონლაინთამაშებზე დამოკიდებულება და არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომ ისინი ამ საფრთხისგან დავიცვათ.

არასრულწლოვანთა თვითმკვ­ლელობების­ დიდი ნაწილი სწორედ ვალებს უკავშირდება, იმ ვალებს, რომლებიც მათ თამაშის­ გასაგრძელებლად აიღეს. თუმცა ორჯერ­ და სამჯერ მეტია თვითმკვლელობის მცდ­­ე­­ლ­ობა, უბრალოდ, სასოწარკვეთილ ადამიანს ახლობლებმა ბოლო მომენტში მიასწრეს და ყულფიდან ჩამოხსნეს. ასე რომ, მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კრიტიკულია!

სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინ "პალიტრამედიამ" დაიწყო სოციალური კამპანია სლოგანით: "არ ითამაშო! იცხოვრე!" ამ კამპანიის მიზანია ონლაინკაზინოებისა და ბეთებისთვის ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც დაიცავს ჩვენს თანამოქალაქეებს ზემოხსენებული რისკებისგან.

კამპანიის დაწყებას მედიასახლის კონ­კრეტული ნაბიჯი მოჰყვა - "პალიტრამედიის" ყველა მედიასაშუალებაში აიკრძალა­ ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამა. მედიასახლმა სოლიდურ შემოსავალზე თქვა უარი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ "პალიტრამედია" არ მიიღებს­ მონაწილეობას უბედურების რეკლამირებასა და ონლაინთამაშების "მძევალთა" რაოდენობის­ გაზრდაში.

ბოლო თვეებში უცნაური მდგო­­მარეობა შეიქმნა - ხელისუფლების წარმომადგენლები (რომელთა უშუალო მოვალეობაა ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესება) ონლაინთამაშებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობენ, რომ ეს საშინელებაა, ისინი პირადად იცნობენ ადამიანებს, რომელთა თამაშდამოკიდებულება ტრაგიკულად დამთავრდა და რეგულაციების დაწესება აუცილებელია, მაგრამ... რეალურად ეს საკითხი ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ.

ამ სტატიის ავტორი ელოდა, რომ წინასაარჩევნოდ წამყვანი პოლიტიკური პარტიების პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობოდა იმ საფრთხეს, რასაც აბსოლუტურად დაურეგულირებელი ონლაინსათამაშო ბიზნესი უქმნის მოქალაქეებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი იმედგაცრუებით დასრულდა.

კარგია, რომ სხვა მედიასაშუალებებმა (განსაკუთრებით, ტელემედიამ) ტოქშოუები მიუძღვნეს ონლაინკაზინოების მსხვერპლთა თემას, მაგრამ უცნაურია, რომ იმავე გადაცემების სარეკლამო ჭრებში მოუწოდებენ მაყურებელს, დადონ ფსონი ან ითამაშონ ონლაინტოტალიზატორი.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

გიორგი კვიტაშვილი