არმაზის დასახლებაში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილის მშენებლობისთვის 61 160 ლარია გამოყოფილი

ქალაქ მცხეთის არმაზის დასახლებაში სასმელი წყლის დამატებით ახალი ჭაბურღილი აშენდება, - ამის შესახებ მცხეთის მერიაში განაცხადეს.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა შეხვედრა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია LDS_Charities-ის ხელმძღვანელებთან საქართველოში პეტ და ქორლა მაქფარლენებთან, სადაც ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების'' შუამდგომლობით ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ამერიკულ მხარესა და ქალაქ მცხეთის, მცხეთის თემისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს შორის.

”მემორანდუმი ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხეთისა და სოფლების აღდგომლიანთკარის, ახალდაბისა და ბულაჩაურის სასმელი წყლის პროექტების დაფინანსებას. სულ რეგიონში გათვალისწინებულია 343 000 ლარის სამუშაოების შესრულება. მათ შორის, მცხეთაში, კერძოდ, არმაზის დასახლებაში გათვალისწინებულია დამატებით ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რის შემდეგაც, სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება მრავალბინიან სახლებსა და საბავშვო ბაღს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 61 160 ლარს (მათ შორის 55600 გრანტია).

მემორანდუმს ხელი მოაწერეს დონორი ორგანიზაციის მხრიდან პეტ მაქფარლეინმა, ხოლო მუნიციპალიტეტების მხრიდან ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ აბესაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიზო ჩოხელმა.

მემორანდუმის ხელმოწერას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების'' გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის ჰუმანიტარული ორგანიზაციის LDS_Charities-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია და უახლოეს დღეებში შესაბამისი კონტრაქტებიც გაფორმდება.