"ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, როგორ ჩავაბაროთ 4 წლის თავზე აგუგუნებული საქართველო"

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ როგორ ჩავაბაროთ დღეიდან 4 წლის თავზე უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და სიყვარულით აღსავსე საქართველო , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისელებსაც მიმართა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კონსოლიდაცია და გაერთიანება სთხოვა.

„ჩემო საყვარელო თბილისელებო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენს წინაშე, მინდა ქედი მოვიხარო თბილისის გმირობის წინაშე და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი დახლეჩილი საზოგადოების სიყვარულით, უკეთესი მომავლის დღის წესრიგით გაერთიანებას.

მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ჩატეხილი ხიდის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს და ნამდვილად არ არის ფუფუნება ამ ადგილას დგომა და ამ მოვალეობაში ყოფნა - ეს დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული, თუ როგორ ჩავაბაროთ დღეიდან 4 წლის თავზე უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და სიყვარულით აღსავსე საქართველო. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგიმტყუნოთ იმედები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.