რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები აგროდაზღვევის დროს

2014 წლის სექტემბრიდან საქართველოში აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევას შემდეგი სტიქიური მოვლენებისგან - სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. დაზღვევის შემდეგ, თუკი ფერმერს მოსავალი სტიქიური მოვლენის გამო გაუფუჭდება, თანხას, რომელსაც მოსავლის გაყიდვის შემთხვევაში მიიღებდა, სადაზღვევო კომპანია გადაუხდის. ეს დიდი შეღავათია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ და შეიძლება სტიქიურმა მოვლენამ მოსავალი წამებში გაუნადგუროს. ამ პროგრამის მნიშვნელობის მიუხედავად, ჩვენი ფერმერები ხშირად საყვედურობენ იმ დარღვევებზე, რომელიც მას ახლავს, ზოგიერთი მათგანი კი ჩივის, რომ თანხის ანაზღაურებისას სადაზღვევო კომპანიები გლეხებს პრობლემებს უქმნიან.

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ფერმერი - კახა ბიჭიკაშვილი აცხადებს, რომ შარშან, 13 ივნისს მოვიდა დიდი სეტყვა, რომელმაც მოსავალი გაუნადგურა, თუმცა ზარალის ანაზღაურებას ვერ ეღირსა.

"96 ათასი ლარი მეკუთვნოდა და ერთი თეთრიც არ ამიღია. ასეთი ნორმა აქვთ: თუ სეტყვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში მოვა, მაშინ ზარალი ანაზღაურებას აღარ ექვემდებარება. არადა, კანონში ხომ წერია, რომ თუ თანხა უკვე გადავიხადეთ, უნდა დაგვაზღვიონ? მირჩიეს სასამრთლოსთვის მიმემართა, მაგრამ სასამართლოშო სიარულსაც ხომ დრო და ფული უნდა? ან გავიმარჯვებდი, ან - არა. ამიტომ სასამართლოს ფერმერები იშვიათად მიმართავენ. ჰოდა, სხვის იმედზე ყოფნას, გადავწყვიტე სეტყვის საწინააღმდეგო ბადე მეყიდა, უკვე ჩამომივიდა ჩინეთიდან. ამ სისტემას ჩემს ბაღში დავაყენებ, მეც დავისვენებ და სადაზღვევო კომპანიებიც", - ამბობს კახა ბიჭიკაშვილი.

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრი ზურაბ ნინიძე კი ჩივის, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ზარალის შეფასებას აგვიანებენ.

"შარშან დიდი სეტყვა რომ მოვიდა, ზარალის შესაფასებლად ერთი თვის შემდეგ მომაკითხეს. მანამდე ვენახი გავწმინდე, წამალი შევასხი, ვუმკურნალე, რა ზიანიც მომადგა, იმის ნახევარიც აღარ ეტყობოდა და ამის გამო დავიჩაგრე - ძალიან დაბალი პროცენტი ჩამიწერეს. ჯერ ერთი, მიყენებულ ზარალს არ ანაზღაურებენ, თუ ყურძნის მარცვლები უკვე ხორბლისოდენა არ არის. ამხელა ყურძნის მარცვალი მაისის ბოლოსაა, მაგრამ თუ მანამდე დაგვესეტყვა მოსავალი, ვინღა გვიშველის? უნდა დავინახოთ რას ვაზღვევთო - გვეუბნებიან, არადა, სეტყვა ძირითადად მაისში და ივნისის პირველ ნახევარში მოდის... მე მაგალითად, შარშან რომ მივედი, პირობები შემიცვალეს და რაც მეკუთვნოდა, ის თანხა აღარ მომცეს. რომ ვკითხე, თანხას რატომ მიმცირებთ-მეთქი, მიპასუხეს - ხელშეკრულებაში ეს პუნქტი გვედოო. ყველაფერი კეთდება, რომ გლეხმა რაც შეიძლება ნაკლები თანხა აიღოს, ან სტიქიამ მასობრივად უნდა გაგინადგუროს ყველაფერი, რომ სადაზღვევო კომპანიამ სრულყოფილად აგინაზღაუროს. შარშან იმდენი მანერვიულეს, რომ წელს აღარ დავაზღვიე - რაც იქნება, იქნება", - აღნიშნავს ზურაბ ნინიძე.

ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დაზღვევის მიმართ ფერმერები სკეპტიკურად არიან განწყობილი და ადვოკატებთან სხვადასხვა საჩივრით მიდიან.

"ფერმერები გვეუბნებიან, რომ მათ ზეპირად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ესა თუ ის შემთხვევა ანაზღაურდებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხელშეკრულებაში ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდა. ძალიან ხშირად ვერ თანხმდებიან დაზიანების პროცენტზე, რის გამოც ფერმერი უკმაყოფილო რჩება. ამას ისიც ემატება, რომ სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული პირობები აქვს. ფერმერები მოითხოვენ, რომ გვალვის შედეგად მიყენებული ზარალიც იყოს დაზღვეული, რადგან დღეს საქართველოში სარწყავი სისტემები მწყობრიდან არის გამოსული. ხშირია ხელშეკრულების პირობების არცოდნა. ზეპირად ეუბნებიან იმას, რაც ფერმერისთვის მისაღებია, მაგრამ მერე ხელშეკრულებას რომ წაიკითხავს, აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი წერილობით არ არის გაფორმებული. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა ხელშეკრულების ზედმიწევნით გაცნობას უნდა მიეჩვიოს", - ამბობს ადვოკატი.

ირაკლი უტიაშვილის თქმით, გლეხების შეცდომა ის არის, რომ ისინი ადვოკატს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, რის გამოც დიდ მატერიალურ ზარალს ნახულობენ.

„ზოგჯერ გლეხს საკმაო თანხის მიღება შეუძლია, მაგრამ ვერ იღებს. ამიტომ, მე ვურჩევ - აუცილებლად მიმართონ ადვოკატს. მე მქონია შემთხვევები, როდესაც მხოლოდ სატელეფონო საუბრით, ან ერთი წერილით მოგვარებულა ფერმერის კონფლიქტი სადაზღვევო კომპანიასთან“ - აცხადებს ადვოკატი.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამ პრობელემებზე აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერს - ლევან მაღრაძესაც ესაუბრა:

"ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში და ვიცი - ბენეფიციარები ხშირად უკმაყოფილოები არიან, რომ ზარალის ანაზღაურება საბაზრო ფასზეა დამოკიდებული. პროცედურა ასეთია: დგინდება საბაზრო ფასი და ამის შესაბამისად ხდება ანაზღაურებაც. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბენეფიციარმა კუთვნილზე ნაკლები თანხა არ მიიღოს. არის რაღაც კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიები ზარალს ანაზღაურებენ. ეს კრიტერიუმებიც ხშირად კამათის საგანი ხდება ხოლმე. რაც შეეხება ფერმერების საყვედურს, რომ სადაზღვევო კომპანიები ზარალის შეფასებას აგვიანებენ, საერთოდ მათ 30 დღის ვადა აქვთ დაწესებული, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, სადაზღვევო კომპანია ბენეფიციარებთან 4 დღეში მიდის, ზოგჯერ უფრო ადრეც. ეს სადაზღვევო კომპანიის ინტერესშიც შედის იმიტომ, რომ რაც უფრო გვიან მივა ბენეფიციართან, ზარალი თანდათან უფრო იზრდება. ამავე დროს, შეიძლება ბენეფიციარს რაიმე ცუდი განზრახვა ჰქონდეს და ზარალის ოდენობა თაღლითური გზით გაზარდოს. ამიტომ, მათივე ინტერესშია, რომ სტიქიის ადგილზე ძალიან მალე მივიდნენ, თუმცა ადამიანური რესურსი ყოველთვის არ ჰყოფნით. სტიქიის შემდეგ ერთ დღეში შეიძლება ათასობით ადამიანმა დარეკოს და ყველასთან დროულად ვეღარ მიდიან.

ლევან მაღრაძე ფერმერებს ასეთ რჩევას აძლევს: „სტიქიის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი ნაკვეთი გაწმინდოთ, უბრალოდ სანიმუშოდ უნდა დატოვოთ მისი მცირე მონაკვეთი, საიდანაც სადაზღვევო კომპანიას მიყენებულ ზარალზე შთაბეჭდილება შეექმნება. ეს ხელშეკრულებაშიც წერია, მაგრამ ჩვენი გლეხები ხელშეკრულებას გულდასმით არ ეცნობიან, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება დაზღვევის პირობებს, ხელი არ უნდა მოაწეროს და ექსპერტი მოითხოვოს. სადაზღვევო კომპანია და ბენეფიციარი გაიყოფენ იმ ხარჯს, რაც დამოუკიდებელ ექსპერტს დასჭირდება და ის შეაფასებს ზიანს, რომელიც ბენეფიციარს მიადგა. იმის თავიდან ასარიდებლად, რომ არაკეთილსინდისიერმა ბენეფიციარებმა მოსავალი სტიქიის მეორე-მესამე დღეს არ დააზღვიონ, ანაზღაურების მექანიზმი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 დღეში ირთვება. თუ პრეტენზია გაქვთ, ან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, ნომერზე - 247 01 01, სადაც დაგაკვალიანებენ და ნებისმიერ ინფორმაციას მოგაწვდიან“, - აცხადებს პროექტის მენეჯერი.

ხათუნა ჩიგოგიძე