C ჰეპატიტის დაავადების აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღეს „საქართველოში C ჰეპატიტის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“ უნდა დაამტკიცოს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

„ათასობით ოჯახი ასევე ვიხსენით სიღატაკისგან. ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ ინფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% უნდა გვყავდეს განკურნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, კომპანია „გილეარდს“, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

„4 წლის თავზე, ფაქტობრივად, მოხდება ამ დაავადების აღმოფხვრა საქართველოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.