თბილისში ყავის გადამამუშავებელ საწარმოში 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე ახალი საწარმო აშენდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თბილისში ხორცპროდუქტების საწარმო შეიქმნება, რომელიც დაასაქმებს 190 ადამიანს. საწარმოში 3 755 202 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კვირიკაშვილის განცხადებით, მეორე საწარმო ქობულეთში, დაბა ოჩხამურში შეიქმნება და ეს არის მაკარონის, პურ-ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის დამამზადებელი, სადაც 160 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული და მისი აშენებისთვის 320 000 ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორი ახალი საწარმოს მშენებლობის მიზნით 2 კომპანიისთვის მოხდება ქონების გადაცემა. კერძოდ, მისივე თქმით, კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასში 30 ადამიანი დასაქმდება.

პრემიერის განცხადებით, მეორე ეს არის - ოზურგეთში სოფელ გურიანთაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კვირიკაშვილის თქმით, მეწარმეს 25 წლიანი იჯარით 57 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

„ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა საქართველოში ჩაის მრეწველობის აღორძინების მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.