ტოპ-3 ძირითადი ინვესტორი ქვეყანა საქართველოში

საქართველოში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის მონაცემებით, ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს შესაბამისად, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები იკავებენ.

2015 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 550 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. გაერთიანებული სამეფოდან შემოსულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 386 მილიონი აშშ დოლარი, ნიდერლანდებიდან კი - 155 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია. 2014 წელს იგივე მაჩვენებელი აზერბაიჯანის შემთხვევაში - 341 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში - 108 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა. 2015 წელს პირდაპირი ინვესტიციები შემცირდა ნიდერლანდებიდან. 2014 წელს შემოსულმა პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 374 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2015 წლის მონაცემების მიხედვით, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი, თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი. შესაბამისად, ლუქსემბურგიდან 2015 წელს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 106 მილიონი აშშ დოლარი, თურქეთიდან - 73 მილიონი აშშ დოლარი, ჩინეთიდან - 67 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო რუსეთიდან - 46 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.