13 ივნისის სტიქიის შედეგად დატბორილ საწარმო „ვაკეს“ თბილისში ახალი უძრავი ქონება გადაეცემა

13 ივნისის სტიქიის შედეგად დატბორილ „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, თბილისში, გმირ კურსანტების ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება გადაეცემა.

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“ თბილისში, გმირ კურსანტების ნომერ 7-ში 8 900 კვადრატული მეტრი ფართობი გადაეცემა.

ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ქონება შეფასებულია 625 000 ლარად.

„შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულება „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იქნება აღებული 3 755 000 ლარის ოდენობით. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ძეხვისა და ხორცპროდუქტების სულ მცირე 1450 ტონის წარმოებას განახორციელებენ. თავდაპირველად 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოო ჯამში, 190 ადამიანი იმუშავებს. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც „ვაკის“ სოსისების საწარმოდ, რომელიც დაიტბორა 13 ივნისის წყალდიდობის დროს. ახლა ხდება ახალი ქონების გადაცემა და შესაბამისად, ეს წარმოება აღდგება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 4 ჰექტარ მიწის ფართობზე პურ-პროდუქტებისა და მაკარონის ქარხანა გაკეთდება.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრინციპით, 320 000 ლარის ინვესტიციებს იღებს კომპანია. ის თავიდან - 30, ხოლო საბოლოო ჯამში, 160 ადამიანს დაასაქმებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პრინციპებით კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება, „უბრალოდ, 412 000 ლარის გადახდაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში და 11 277 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება“.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. აქ მოხდება ყავის გადამამუშავებელი საწამოსა და საჩვენებელი საგამოფენო დარბაზების შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირება. აქაც თავდაპირველად 30 ადამიანი დასაქმდება, ხოლო შემდეგ მათი რაოდენობა გაიზრდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი მიწის ნაკვეთი გადაეცემა კომპანიას.

“ჩვენ გვაქვს ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას კომპანიებს, რომლებსაც სურთ ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება. ამ შემთხვევაში, საუბარია 57 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.