სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებს შეხვდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მედიაბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მერვე შეხვედრა გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ტენდერებზე, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

შემდეგი მეცხრე შეხვედრა 31 აგვისტოს, საინჟინრო მომსახურებების სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან გაიმართება, ხოლო მეათე შეხვედრა ჩატარდება 14 სექტემბერს, რომელზეც მიწვეულები იქნებიან სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ჩატარდება.