შვიდი ყველაზე პოპულარული კურორტი საქართველოში

უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოს კურორტები სხვადასხვა კლიმატური და სამკურნალო თვისებებით არის პოპულარული.

ტურისტული სააგენტო „ფრი თრეველის“ ხელმძღვანელის თინათინ გოგუაძის განცხადებით, უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ქალაქი ბათუმია.

გთავაზობთ საქართველოში 7 ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კურორტის ჩამონათვალს.

ბათუმი

ყველაზე პოპულარული ქართულ კურორტებს შორის ბათუმია. ეს მშვენიერი ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ბათუმი ყველაზე მიმზიდველი ადგილია მათთვის, ვისაც ზღვაზე დასვენება უყვარს. ბათუმი სტუმრებს არა მარტო ზღვით, არამედ გასართობი ადგილების სიმრავლითაც იზიდავს. ბათუმში ძალიან ბევრი დამსვენებელი შემოდის მეზობელი თურქეთიდან. ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქი ტურისტები ბათუმში შაბათ-კვირას ჩამოდიან, უქმე დღეებს აქ ატარებენ და უკან ბრუნდებიან. ამის გამო ვიზიტორების რაოდენობა ქალაქში ყოველთვის ბევრია.

ურეკი

ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია, რომელიც ყველაზე მეტ დამსვენებელს მაგნიტური თვისებების მქონე უნიკალური ქვიშით იზიდავს. ურეკის ქვიშა სასარგებლოა სახსრების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ. ქალაქში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის დსთ-ის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ასევე - მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ბაკურიანი

პოპულარული მთის კურორტი - ბაკურიანი ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მდებარეობს. ბაკურიანშიც ძირითადად რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობენ, თუმცა ბოლო ხანებში არაბებიც მომრავლდნენ, რომლებიც აქ ოჯახებით ჩამოდიან. ასევე ხშირად ისვენებენ ბაკურიანში ისრაელიდან ჩამოსული სტუმრებიც.

ბორჯომი

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. ბორჯომი განთქმულია მინერალური წყლებით, რომელიც დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. როგორც ტურისტული სააგენტო „ფრი თრეველის“ ხელმძღვანელი აცხადებს, წელს არაბი და ებრაელი ტურისტები ბორჯომშიც მომრავლდნენ, თუმცა ტრადიციულად, აქ დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენლები ჭარბობენ.

საირმე

საირმე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით გამოირჩევა. ეს ულამაზესი ადგილი უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ საირმეში სასტუმროები აღადგინეს, კურორტი მთელი წლის განმავლობაში იღებს ვიზიტორებს.

წყალტუბო

პოპულარული ქართული კურორტია წყალტუბო, სადაც რევმატიული დაავადებებით შეპყრობილ ადამიანებს მკურნალობენ. წყალტუბოში წარმატებით მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, ამიტომ ამ კურორტზე ძირითადად სამკურნალოდ ჩამოდიან. ტურისტების რაოდენობა აქ დიდი არ არის, მაგრამ მკურნალობის მსურველთა შორის წყალტუბო ძალიან პოპულარულია.

მესტია, სვანეთი

მთის კურორტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა მესტია, რომელიც ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. ძველი კოშკები, ციხე-სიმაგრეები და ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მწვერვალები ათასობით უცხოელ ტურისტს იზიდავს. ტურისტული სააგენტოების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეს მხარე განსაკუთრებით ევროპელებს აინტერესებთ, რომლებსაც სვანეთში უნიკალური ჰავა, ველური ბუნების სილამაზე და სიძველეები იზიდავს.

ხათუნა ჩიგოგიძე