გუდაურში მიწათსარგებლობის გეგმა ინვესტორებს საბუთების მიღებას გაუადვილებს

მართალია, გუდაური ზამთრის კურორტია, მაგრამ აქაურობას დამსვენებლები ზაფხულშიც არ აკლია.

როგორც "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა გვითხრა, კურორტის კეთილმოწყობის მიზნით სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.

"გუდაურში ტურისტების მატება აშკარად იგრძნობა. ზაფხულის სეზონი კარგა ხანია ძალაშია, საბაგიროებიც მუშაობს, მაგრამ ჩვენ მუშაობას მაინც არ ვწყვეტთ: კანადურ კომპანიასთან ერთად ვაკეთებთ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც ერთ თვეში უკვე ძალაში შევა. ამით ყველა ინვესტორს გაუადვილდება საბუთების მიღება და რაც მთავარია, გუდაურის სტიქიური განვითარება შეწყდება - ყველას ეცოდინება, სად რა უნდა აშენდეს და გაკეთდეს. კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება: ბოლო 30 წლის განმავლობაში აქ წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ წყლის მიწოდება სისტემატურია, როდესაც გუდაურში ტურისტების ჭარბი რაოდენობა გროვდება, ხალხს წყალი აღარ ჰყოფნის. ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე მუშაობს. სამუშაოები დაწყებულია და 2017 წლისთვის გუდაურს საკმარისი წყლის დებეტი ექნება. მოწესრიგდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კანალიზაციის სისტემას, გაკეთდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და რაც ყველაზე მთავარია, სულ მალე გვექნება მიწათსარგებლობის გეგმა, რომლის წყალობითაც გუდაურში ქაოტური მშენებლობები შეწყდება", - გვითხრა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

ხათუნა ჩიგოგიძე