უახლოეს 45 წელიწადში 200 მილიონზე მეტი ადამიანი ჰაერის დაბინძურების გამო გარდაიცვლება

45 წლის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ჰაერის დაბინძურება იქნება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, 2060 წლამდე ეკოლოგიური სახის პრობლემა წელიწადში 6-9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდება, მაშინ როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი წელიწადში 3 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გამო მსოფლიო ეკონომიკა წელიწადში 2,6 ტრილიონი აშშ დოლარით დაზარალდება, რაც მსოფლიო მშპ-ს 1%-ზე მეტია. გაიზრდება ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობაც, მათ შორის ბრონქიტი და ასთმა. ყველაზე უარყოფითი სცენარი მოსალოდნელია ჰაერის მაღალი დაბინძურების დონის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთსა და ჩინეთში. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები მოსალოდნელია აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიის რეგიონში, აზიის ქვეყნებსა და სამხრეთ კორეაში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში აღნიშავენ, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობის შემცირებას და ცხოვრების დონის ხარისხის გაუარესებას იწვევს. ორგანიზაციის ცნობით, უკვე დღეს მსოფლიოს გააჩნია ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებაა შესაძლებელი, თუმცა როგორც წესი, რიგი ქვეყნების ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს ამ ტექნოლოგიების გამოყენების მაღალ დანახარჯზე.