ეროვნულმა ბანკმა ”კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ეს გამოწვეულია არა საქართველოში მოქმედი ბანკის პრობლემებით, არამედ აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებით.

"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო", რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 პროცენტს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები.

ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

Atrabank და „კავკასიის განვითარების ბანკი სასამართლოს გააწყვეტილებით აზერბაიჯანში გაკოტრებულად გამოცხადდა. ბანკების ლიკვიდატორად აზერბაიჯანული ADİF დაინიშნა. ბანკებისთვის ლიცენზიის შეჩერების მიზეზად მათი მხრიდან კრედიტორების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები და არასაკმარისი ლიკვიდობა დასახელდა.

„კავკასიის განვითარების ბანკის“ შვილობილი სს კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" თბილისში 2013 წელს დაფუძნდა.