მებაჟეებმა 1 322 763 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში, სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1 322 763 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.