რა შეცდომას ნანობს „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი

”ეფლის” გენერალური დირექტორი ტიმ კუკი The Washington Post-თან ინტერვიუში კომპანიაში გატარებულ ბოლო 5 წელიწადსა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

- როდესაც დირექტორად დაინიშნეთ, თანამშრომლებს მემორანდუმი გაუგზავნეთ, სადაც ეწერა: ”მინდა დაგარწმუნოთ, რომ ”ეფლი” არ შეიცვლება”. ხუთი წლის შემდეგ კომპანია შეიცვალა. პირადად თქვენთვის რა არ შეცვლილა?

- მე კონკრეტულად კომპანიის დნმ-ის ცვლილებას ვგულისხმობდი და ვუსვამდი ხაზს, რომ ეს არ შეიცვლებოდა. „ეფლი“ დღესაც უშვებს პროდუქციას, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან და ადამიანების ტექნოლოგიურ ხედვას ამდიდრებენ. ასე რომ, უცვლელი დარჩა ჩვენი მიზანი.

- შეიძლება ითქვას, რომ ”ეფლის” კულტურა გაიზარდა?

- ჩვენ გავაუმჯობესეთ სოციალური ურთიერთობები. ვსაუბრობთ ჩვენს საქმეზე და ვამბობთ რას ვაკეთებთ.

- ხშირად ამბობდით, რომ არ გინდოდათ ყოფილიყავით ტრადიციული CEO, რას გულისხმობდით?

- ტრადიციული CEO ჩემთვის ასოცირდება ადამიანთან, რომელიც კლიენტებისგან გარიყულია, არ არის ჩართული მომხმარებელთან ურთიერთობაში. ტრადიციული CEO თვლის, რომ მისი საქმე განისაზღვრება შემოსავლებით, მე კი მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ამდენად.

- თქვენამდე კომპანიას ამერიკული ბიზნესის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი მართავდა. როგორი იყო მისი ადგილის დაკავება?

- ჩემთვის სტივი შეუცვლელია. ის უნიკალური იყო. მის როლში თავს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ჩემი მხრიდან ღალატი იქნებოდა, მისი ადგილის დაკავება რომ მეცადა. როდესაც „ეფლის“ აღმასრულებელ დირექტორად ვინიშნებოდი, მეგონა, რომ სტივი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მაგრამ ნაკლებს მუშაობდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სტივის გარდაცვალების დღე ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემთვის.

- რატომ გადაწყვიტეთ და ვისზე ფიქრობდით, როდესაც საჯაროდ განაცხადეთ, რომ გეი ხართ?

- ბავშვებზე. ბავშვების წერილები მომდიოდა, რომლებმაც იცოდნენ, რომ გეი ვიყავი, ან ეს დასკვნა გამოიტანეს ინტერნეტში წაკითხულით. ეს ბავშვები მხარდაჭერას ეძებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ვერაფერს მიაღწევდნენ. საზოგადოებრივი აზრი მათ განსჯიდა და წნეხის ქვეშ ამყოფებდა. ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

- და გადაწყვითეთ საჯაროდ გაგემხილათ თქვენი ორიენტაცია?

- ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი მინიმუმ მსოფლიოს შეატყობინებდა, რომ გეებს ბევრის მიღწევა შეუძლიათ. რომ იყო გეი, არ ნიშნავს იყო ცუდი ან შეზღუდული. ამის თაობაზე უნდა იყო გულახდილი.

- კორპორატიულ ამერიკაში მრავალი პროფესიაა, რომელიც ბევრ სფეროს მოიცავს. გეოპოლიტიკა, ნაციონალური უსაფრთხოება, სამომხმარებლო სხვაობა, გართობის ინდუსტრია. ვის აკითხავთ ხოლმე რჩევისათვის?

- მათ, ვისაც ვთვლი, რომ შეუძლიათ დამეხმარონ. როდესაც ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი ინვესტორებისთვის ფულის დაბრუნების საკითხში, მივხვდი, რომ საუკეთესო რჩევას უორენ ბაფეტი მომცემდა. ასე ვიქცევი სხვა შემთხვევებშიც.

- წარსულში რომ იხედებით, ხედავთ დაშვებულ შეცდომებს, რომლისგანაც რაიმე ისწავლეთ?

- რუკები შეცდომა იყო. ”ეფლ მეფსი” არ იყო საამაყო პროდუქტი. ყველაზე დიდი შეცდომა არის, როდესაც კომპანია დაშვებულ შეცდომას არ აღიარებს. მე ვთვლი, რომ რაც უფრო მარტივად აღიარებ შეცდომებს, მით უკეთესია. ეს რომ არ გვექნა, თანამშრომლებს და კლიენტებს დავკარგავდით.

- სხვა შეცდომებზე რას გვეტყვით?

- ძალიან დიდი სია გამომივა.