გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც მხარეების შეფასებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. გამოთქვა იმედი, რომ თბილისში მიმდინარე საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და ესწრებით საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი,“-აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს აგრარულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით თურქეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), რომელიც წარმოადგენს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს. ქართული მხარის განმარტებით, ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, დამატებითი შესაძლებლობაა სხვა ბაზრებზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონის უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.