საქართველო-თურქეთის აგრო ბიზნესფორუმი გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, დღეს საქართველო-თურქეთის აგრო ბიზნესფორუმი გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა.

ბიზნესფორუმი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა ფარუკ ჩელიკმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრო პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

”სავაჭრო-სამრწეველო პალატის ორგანიზებით გაიმართა საქართველო-თურქეთის დღევანდელი ბიზნესფორუმი. თურქეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაშია სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე 44 კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელებს. წარმოდგენელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულება - როგორც საკვები პროდუქტების წარმოება, ასევე სანერგე მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები და ა.შ. სავაჭრო-სამრწეველო პალატამ მოიწვია ქართველი ბიზნესმენები. ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დამყარდება”, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ჩამოსულია პერსონალი, რომელიც ორი დღის განმავლობაში საქართველოში ათვალიერებს და ამოწმებს რამდენიმე საწარმოს ტექნიკურ გამართულობას.

”ბუნებრივია, შეფასება ძალიან პოზიტიურია, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი გვაქვს ევროკავშირის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით, რომელიც ასევე პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს თურქეთს. საქართველოდან ბევრი პროდუქტი გადის, თუმცა არის პროდუქტების ნუსხა, რომელიც საჭიროებს გადახედვას იმ თვალსაზრისით, რომ ან გადაიხედოს კვოტა, ან იყოს ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფი, რომ ამ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი კონკურენტუნარიანობა გვქონდეს”, - განაცხადა დანელიამ.

კომპანია ”აგროსახლის” წარმომადგენელის მაია მიქავას განცხადებით, მსგავსი ფორუმი მნიშვნელოვანია და ეხმარება ბიზნესებს განვითარებაში.

”საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობელთან - თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჩვენ გვაქვს ფერმერთა მომსახურების ცენტრი. ძირითადი მიმართულებაა თხილის ერთობლივი სანერგის გაკეთება ზუგდიდში. თურქეთთან დიდი ხანია გვაქვს ბიზნესურთიერთობები. დღეს ველოდები, რომ ჩვენ შევჯერდებით ერთობლივი სანერგე მეურნეობების გაკეთებაზე და 2-3 წელიწადში ჩამოყალიბდება ძალიან სერიოზული სანერგე მეურნეობა, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურები გამოვიყვანოთ”, - განაცხადა მაია მიქავამ.

ფორუმის ფარგლებში ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს.