პროკურორი - არ არსებობდა ახალი გარემოება, რომ „ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებულებს შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდათ

“ცენტრ-პოინტის“ საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით, არ არსებობდა ახალი გარემოება იმისთვის, რომ საქმეზე ბრალდებულებს გურამ და მაია რჩეულიშვილებსა და ირაკლი მინდელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდათ.

როგორც პროკურორმა გიორგი ოსაძემ განაცხადა, აქედან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

„დღეის მდგომარეობით რაიმე სახის ახალი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, სახეზე არ ყოფილა, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა“, - განაცხადა ოსაძემ.

პროკურორი ასევე განმარტავს, რომ ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დაზარალებულების მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.