გაერო-ს მოსახლეობის ფონდი დღეს მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) დღეს მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს.

როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისში განაცხადეს, UNFPA მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანდეს და ადვოკატირების გზით ხელი შეუწყოს უფრო ჰუმანური მსოფლიოს ჩამოყალიბებას.

წლევანდელი მსოფლიო ჰუმანიტარული დღის აღნიშვნას წინ უძღოდა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი, რომელიც 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდა. სამიტის განმავლობაში მსოფლიო ლიდერებმა გამოხატეს ერთობლივი მხარდაჭერა ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგის განხორციელებაში და აიღეს ვალდებულება იმ 130 მილიონი ადამიანის წინაშე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.

„დღესდღეობით 65 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს იძულებით გადაადგილებაში, მათ შორის 21 მილიონი ლტოლვილი, რომელთა 47%-ს- ქალები, ხოლო 51%-ს 18 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ. ყოველდღიურად 500-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგონა იღუპება ორსულობისა და მშობიარობის დროს შეუსაბამო პირობების გამო. კრიზისისგან დაზარალებულ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ რთული არჩევანის გაკეთება რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, დაცულობას დაღირსებას.

დღეს არსებული ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ გაერო-ს მოსახლეობის ფონდი არა ერთ სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან მომსახურებას უზრუნველყოფს: ავრცელებს მასალებს და ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, მუშაობს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად, უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგში ახალგაზრდების პრიორიტეტების გათვალისწინებას, მათ ჩართულობასა და გაძლიერებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.