„საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციურ მდგომარეობაშია"

ექსპორტის შემცირების ტენდენცია საქართველოში ყოველთვის იგრძნობოდა და ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, „2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1122 მლნ აშშ დოლარი იყო ანუ 12 პროცენტით ნაკლები გასული წლის იანვარ-ივლისზე, ხოლო იმპორტი - 5426 მლნ აშშ დოლარი ანუ 25 პროცენტით მეტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. “ გასულ 7 თვეში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენდნენ: კანადა, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, გერმანია. რაც შეეხება ინვესტიციებს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და 376 მილიონი დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ: 2015 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 291,5 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში - 309,5 მილიონი დოლარი. საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი პირველ კვარტალში აზერბაიჯანი იყო, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 137 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა. სიდიდით მეორე ინვესტორი თურქეთია - 57 მილიონი დოლარით, ლიდერთა სამეულში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი - 44 მილიონი დოლარით. მეოთხე ადგილზე არატრადიციული ინვესტორი კორეაა, რაც სავარაუდოდ, კომპანია „K Water“-ის დამსახურებაა, რომელიც სვანეთში ნენსკრაჰესს აშენებს.

ამ მონაცემების შეფასება ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ, რომელმაც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 2016 წლის 7 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი შემცირდა და იმპორტი გაიზარდა, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. "ექსპორტი შეგვიმცირდა რამდენიმე ფაქტორის გამო - უკვე მესამე წელია, რაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირებულია. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რეექსპორტის წილი ჩვენს მთლიან ექსპორტში დაახლოებით 25% იყო. ამ მიმართულების წილი ჩვენს ექსპორტში ძალიან შემცირდა, რამაც პირდაპირ დარტყმა მიაყენა ექსპორტის მაჩვენებლებს. შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ეს არ იყო საქართველოში წარმოებული პროდუქცია. ამიტომ მისი გამორიცხვა საექსპორტო პროდუქციიდან მე დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.

სოსო არჩვაძის თქმით, „იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა, ექსპორტის მაჩვენებლებზე ამანაც დიდი გავლენა მოახდინა, ხოლო რაც შეეხება იმპორტს, აქ პირიქით, 25%-იანი ზრდა გვაქვს, ამის მიზეზი მედიკამენტების იმპორტია. მოგეხსენებათ საქართველოს აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა დონორობა გაუწიეს და C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინეს. შემოსული მედიკამენტების ღირებულება იმდენად დიდია, რომ იმპორტის მესამედს მოიცავს. უფრო რომ დავაზუსტოთ, ქვეყანაში 1 მილიარდ 400 მილიონ დოლარამდე ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა. ძირითადი დონორები ამ მიმართულებით კანადა და ირლანდია იყვნენ - ქვეყნები, რომელთანაც ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ იმპორტის მოცულობა გაიზარდა, მედიკამენტების იმპორტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სხვათა შორის, თუ ამ ციფრებს გამოვაკლებთ, იმპორტი პირიქით, შემცირებულია“ - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ექსპერტის შეფასებით, იგივე შეიძლება ითქვას ინვესტიციებზეც.

"მართალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ საშუალო წლიურ მონაცემებს თუ შევადარებთ, ინვესტიციების მოცულობაც აშკარად ნაკლებია. ეს მოცულობა საშუალო კვარტალურ მონაცემებსაც ჩამორჩება. ესე იგი, არც ინვესტიციების რაოდენობაა მომატებული და არც ექსპორტ-იმპორტისა. თუ 2015 წლის სხვა კვარტლებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სერიოზული ცვლილება არ მომხდარა. საბოლოო ჯამში, თუ ავტომობილების რეექსპორტს და მედიკამენტებით დახმარებას გამოვრიცხავთ, შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა და ჩვენი ეკონომიკა სტაგნაციურ მდგომარეობაშია. ადგილობრივი წარმოება ვერ გავზარდეთ, რის გამოც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მწირია, ხოლო წარმოების ბაზა - უცვლელი. შეუძლებელია ძირეული ცვლილებების და ეკონომიკის სტრუქტურის გადახალისების გარეშე ეკონომიკაში რაიმე გარღვევა მოხდეს. თუ მონაცემებში რაიმე ცვლილება ხდება, ეს აღრიცხვის მეთოდიკის დამსახურებაა და არა - მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებისა. ექსპორტი რომ გავზარდოთ, რეალური სექტორის განვითარება უნდა შევძლოთ, თანაც, ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხის, მრავალპროფილური და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ამავე საკითხზე კომენტარი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელს - მათე გარდავას ვთხოვეთ, რომელიც სტაგნაციის რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს.

"ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიზეზი მაკროეკონომიკური გარემოს არასტაბილურობა, ეროვნული ვალუტის არამდგრადობა და ნაკლებსანდოობაა. სხვათა შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის და ესეც მაკროეკონომიკური გარემოს არასტაბილურობასა და კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაზე მიუთითებს. რაც შეეხება იმას, რომ ექსპორტის მოცულობა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია, ამის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგება ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, განსაკუთრებით დსთ-ს ქვეყნებში. სხვათა შორის, ექსპორტის ზრდას ჩვენი ადგილობრივი ვალუტის - ლარის გაუფასურებაც ახალისებს, რაც ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სულაც არ არის სახარბიელო მოვლენა“ - აღნიშნა მათე გარდავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე