რა უნდა გაითვალისწინოთ საქართველოში ბავშვის შვილად აყვანისას

საქართველოს კანონმდებლობით, ბავშის შვილად აყვანის შემდეგ, მშობელს იგივე უფლებები აქვს, რაც შვილის გაჩენის შემთხვევაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვს იშვილებთ, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გეკუთვნით შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხის მისაღებად, დამსაქმებელი (დაწესებულება) ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები იურიდიული მისამართის, ან ადგილსამყოფლის მიხედვით, სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

შვილად აყვანის დროს თითქმის იმავე საბუთების წარდგენაა საჭირო, როგორც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის დროს. ამ საბუთების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: პირადობის მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად, დაფინანსების განაცხადი სამ ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერით, ასევე - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ, თუ მას ასეთი ანგარიში აქვს. ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან უკვე 6 თვეა გასული. შვილად აყვანის მსურველებმა კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულების თანხა 1000 ლარს არ აღემატება.

ხათუნა ჩიგოგიძე