AP - დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უფროსი აშშ-ში ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიას უწევდა ლობირებას

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უფროსის, პოლ მანაფორტის კუთვნილი ფირმა აშშ-ში უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიას ფარულ ლობირებას უწევდა.

ამის შესახებ სააგენტო AP, ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ელექტრონულ მიმოწერაზე დაყრდნობით იტყობინება.

AP-ის ცნობით, პოლ მანაფორტის ფირმა DMP International LLC ცდილობდა აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას უკრაინის პრორუსული მთავრობის მხარდასაჭერად. ლობისტების დავალებაში შედიოდა ასევე, აშშ-ში იულია ტიმოშენკოს უარყოფითი იმიჯის შექმნა.

აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, რიკ გეიტსიც.

როგორც AP იტყობინება, 2012-14 წლებში პოლ მანაფორტმა ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიისგან“ 12,7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

თავად მანაფორტი აცხადებდა, რომ არც რუსეთის და არც უკრაინის მთავრობის დაკვეთით არასდროს უმუშავია.