სოფელ ნოსირის მკვიდრმა ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მკვიდრმა ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გააშენა. ფერმერი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. თხილის სანერგე მეურნეობის შექმნისთვის ბენეფიციარმა განახორციელა 23 000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც ნახევარი - 11,500 ლარი - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან მიიღო. 1.03 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობაში 25 600 ადგილობრივი ჯიშის (ანაკლიური) თხილის ნერგია გამოყვანილი.

ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2 სანერგე მეურნეობა არის დაფინანსებული. ქვეყნის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში ხეხილის ახალი ბაღები 1,478 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,5 მილიონ ლარს აღემატება.