მინისტრის მოადგილე - იანვარ-ივლისში ექსპორტის კლება მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით არის გამოწვეული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით.

ამის შესახებ ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ქვეყნაში არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი.

”უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებზე დიდ გავლენას ახდენს ცე ჰეპატიტის წამლები, რომელიც სრულად გრანტით ფინანსდება, ამიტომ ვთვლით, რომ სწორი იქნება მათი გამოყოფა ანალიზიდან. 2016 წლის იანვარ-ივლისში წინა წელთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 12 პროცენტით და 1 121.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; ასევე შემცირდა იმპორტი 6 პროცენტით და 3 868.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში გვაქვს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება 84 მლნ აშშ დოლარით დასახელებულ პერიოდში. ექსპორტის ხსენებული მონაცემი არის ნომინალური მონაცემები. უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს, ანუ ექსპორტის დინამიკას ფასის ეფექტის გამოკლებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი. რაც შეეხება იმპორტის შემცირებას, აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე, ხოლო საინვესტიციო საქონლის იმპორტი გაზრდილია”, - განაცხადა გაგუამ.

რაც შეეხება ტურიზმს, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ტურიზმში არსებულ პიზიტიურ დინამიკას ქუჩებშიც ვხედავთ.

”რამდენიმე ციფრს მოგახსენებთ - საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 13 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 130 მილიონი აშშ დოლარით მეტი სავალუტო შემოდინება დააგენერირა წინა წელთან შედარებით”, - განაცხადა გაგუამ.

მისივე თქმით, 2016 წლის იანვარ-ივლისში შემცირება პრაქტიკულად აღარ გვაქვს ფულად გზავნილებში (0.6 პროცენტით იკლო).

”ბოლო თვეების დინამიკის ანალიზის ფონზე გვაქვს ზრდის დამაიმედებელი მოლოდინები. ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს ფულადი გზავნილები უნდა გაიზარდოს. ჯამში წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის ნაწილში (თუ არ ჩავთვლით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს) გაიზარდა დაახლოებით, 210 მლნ აშშ დოლარით”, - განაცხადა გაგუამ.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში 30 პროცენტით გაიზარდა.

”მე-2 კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საინვესტიციო საქონლის იმპორტს შორის მაღალ კორელაციას, მეორე კვარტალის იმპორტთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მაღალი და მეტად პოზიტიური მოლოდინები”, - განაცხადა გაგუამ.

მისივე თქმით, გაზრდილია ლარიზაციის მაჩვენებელი.

”გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისათვის. მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლარიზაციის მნიშვნელობას. ეს არის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა”, - განაცხადა გაგუამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ არის მაღალი. შესაბამისად, გაგუას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის არასაკმარისად მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი საზრუნავია.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მარტის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი. ბოლო თვეებში ფასები იზრდება 1-2 პროცენტით.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, პოზიტიურია დინამიკა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე.

”მთავრობის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი კარგი საზომია ქვეყნის ეკონომიკისადმი და მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს უფრო სანდო და სტაბილურ ეკონომიკას. 5-6 პროცენტული პუნქტით დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა სხვადასხვა ვადიანობის მიხედვით. შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა გრძელვადიან (5 წლიან) ფასიან ქაღალდებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას მაღალი სანდოობა აქვს”, - განაცხადა გაგუამ.