ეროვნული ბანკი საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

ეროვნული ბანკი საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკის თაობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო პერიოდში, მომხმარებელთა მხრიდან საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკასთან დაკავშირებით შეკითხვები გახშირდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი აქვეყნებს დამატებით მეთოდოლოგიურ განმარტებას, რაც ამ საკითხით დაინტერსებულ პირებს დაეხმარება.

”საქართველოს ეროვნული ბანკი "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკის” სტატისტიკურ ცხრილს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით ამზადებს, რომელსაც ყველა ქვეყანა ეყრდნობა. მეთოდოლოგიის შესაბამისად, საგარეო ვალის გადახდის გრაფიკში ასახულია ყველა ვალდებულება, მათ შორის ისეთიც, რომლის გადახდის ვალდებულება პრაქტიკულად არასდროს დადგება.

გადახდის გრაფიკის პირველი ხუთი სვეტი შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომელიც უნდა დაიფაროს არაუმეტეს ერთი წლის ვადაში. აქედან პირველი სვეტი - "დაუყოვნებლივ გადასახდელი", განეკუთვნება იმ ვალდებულებებს, რომლის გადახდის ვალდებულება უკვე დამდგარია (ვადაგადაცილებული ვალდებულებები) ან მისი გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დროის ნებისმიერ დროს (მიმდინარე დეპოზიტები და საკორესპონდენტო ანგარიშები). საყურადღებოა, რომ მიუხედავად აქ მითითებული საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებისა (დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით), მათი უმრავლესობის გადახდა პრაქტიკულად არ ხდება. უფრო მეტიც, იმ დეპოზიტების მთლიანად გადახდა, რომელიც ამ თანხის ძირითადი ნაწილია, არასდროს არ ხდება, ვინაიდან დეპოზიტების ნაწილი იფარება და მათ ნაცვლად ახალი დეპოზიტები მოიზიდება. ანუ რეალურად, დეპოზიტების მოცულობა მუდმივად იზრდება.

კომპანიათაშორისი სესხების შემთხვევაში კი ხშირია ვალის გადახდის ნაცვლად მისი სააქციო კაპიტალში გადატანის შემთხვევები. მაგალითისთვის, 2016 წლის პირველ კვარტალში ადგილი ჰქონდა ამ ტიპის მსხვილ ოპერაციას - კომპანიათშორისი სესხიდან კაპიტალში გადაიტანეს 700 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა წლების განმავლობაში გრაფაში მითითებული იყო როგორც დაუყოვნებლივ გადასახდელი, მაგრამ გადახდის ნაცვლად ინვესტორმა იგი სააქციო კაპიტალში გადაიტანა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკი შესაბამის ცხრილსაც აქვეყენებს და აქვე დასძენს, რომ 4.7 - 4.8 მილიარდი აშშ დოლარიდან პრაქტიკულად არ ხდება დეპოზიტებისა ($1.5 მილიარდი) და ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდა ($0.8 მილიარდი). სავაჭრო კრედიტების ($0.7 მილიარდი) გადახდა ნაწილობრივ (დაახლოებით ნახევრის) ხდება საქონლისა და მომსახურების მიწოდებით. ხოლო დარჩენილი თანხა 1.5 - 1.8 მილიარდი აშშ დოლარი გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და სავალო ფასიანი ქაღალდებია.

”გრძელვადიანი სავალო ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციები) შემთხვევაში, ხშირად გადახდის თარიღის მოახლოებისას ხდება ახალი ობლიგაციების გამოშვება და ძველის გამოსყიდვა, რაც, სტატისტიკურად განიხილება, როგორც გადახდის თარიღის გადაწევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ოპერაცია შეეხო 1.0 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ობლიგაციები ადრე ერთ წლამდე გადასახდელ ვალდებულებების სტატისტიკაში აისახებოდა, შემდეგ მათი გადახდის თარიღმა 5 -10 წლით გადაიწია. ყველა სავალო ინსტრუმენტის შემთხვევაში ხდება როგორც ძველი ვალდებულებების გადახდა, ისე ახალი ვალდებულებების აღება, ხოლო ცხრილში "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი", ვხედავთ მხოლოდ გადახდის მხარეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება უმეტესწილად ჭარბობს გადახდას, რის გამოც წმინდა ნაკადი დადებითია”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აქვე მოყვანილია შესაბამისი ცხრილი.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ქვეყანაში სავალუტო სახსრების შემოდინების და გადინების ანალიზისას უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ არა "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკით" (რომელიც საორიენტაციოა), არამედ საგადასახდელო ბალანსით, რომელშიც მოცემულია შემომავალი და გამავალი ნაკადები სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის მიხედვით დროის გარკვეული პერიოდებისათვის.

”საქართველოს ეროვნული ბანკი საგარეო სექტორის სტატისტიკას აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს როგორც მეხუთე, ასევე მეექვსე რედაქციის მიხედვით. სტატისტიკური ცხრილები განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სტატისტიკის რუბრიკაში, სადაც ასევე მოცემულია მოკლე მეთოდოლოგიური განმარტებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკის თაობაზე ეროვნული ბანკის განმარტებისა და ცხრილების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2920.