”ორბი ჯგუფის” წარმომადგენლის თქმით, ყაზბეგის 24-ში ხეების მოჭრისთვის ნებართვა მერიისგანაც ჰქონდათ მიღებული

შპს ”ორბი ჯგუფის” წარმომადგენელი ნიკოლოზ არჩვაძე ირწმუნება, რომ ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრისთვის ნებართვა მერიისგანაც ჰქონდათ.

როგორც ნიკოლოზ არჩვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პროცედურა კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა.

”ყველა ხე მოიჭრა ნებართვით და ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს და მიეწოდება პროკურატურას”, - განაცხადა არჩვაძემ და აღნიშნა, რომ ხეების მოჭრისთვის იყო მერიის ნებართვაც და ექსპერტის დასკვნაც.

არჩვაძემ დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს.

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება 303-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.