"მერიის გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს"

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და “პარტიზანი მებაღეობის” წარმომადგენლების გამოკითხვა თბილისის პროკურატურაში დასრულდა.

მათ გამომძიებლებს ყაზბეგის #24-ში მომხდარ ხეების მოჭრის ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც პროკურატურიდან გამოსულებმა განაცხადეს, გამომძიებლებს მათ განუმარტეს, რომ დანაშაული კომპანიის წარმომადგენლებს არ ჩაუდენიათ და პირდაპირ იკვეთება მერიის შესაბამისი სამსახურების დანაშაული.

როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლითაა აღძრული, თუმცა გამომძიებლებმა არ გამორიცხეს, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

”ერთმნიშვნელოვნად სახეზეა გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელობის გულგრილობა. ერთი ვალდებული იყო ექსპერტის ავაზაკური და მშრალი დასკვნა, რომ თითქოს იქ გამხმარი იყო ყველაფერი, გადაემოწმებინა ადგილზე და ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო ჭრის პროცესისთვის მიედევნებინა თვალყური, რომ კომპანიის წარმომადგენლებს სხვა ხეები არ მოეჭრათ. ამდენად, არ გამორიცხავს გამოძიება, რომ შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან მონდომებულები იძიებენ ამ საქმეს”, - განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ცალსახად ჰქონდა ვალდებულება გამწვანების სამსახურს, რომ ადგილზე მისვლით გადაემოწმებინა ექსპერტიზის დასკვნა.

”ახლა რომ ცაში იყურებიან და იმ კომპანიას აწმენდენ ხელებს, კომპანიამ რომ დაგიწეროს იქ საერთოდ ხეები არ არის, არ უნდა მიხვიდე და არ უნდა გადაამოწმო?”, - განაცხადა ელისაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ითხოვს, რომ მერიის გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.