ქართული თაფლის ევროპული გამოსავალი

ქართული პროდუქციისთვის ევრო­კავშირის ბაზარი ხსნაა. ამ ბაზარზე რამდენიმე დასახელების პროდუქტმა უკვე შეაღწია, თუმცა, მარგებელი ქართული თაფლი მათ შორის არ იყო - თაფლი ძნელად შესამოწმებელი პროდუქტია და ევროკავშირის ბაზრამდე გზის გასაკაფავად დიდი მცდელობა დასჭირდა. ცოტა ხნის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, - ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაცია გასცა, საქართველო იმ ნუსხაში შევიდეს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტით შეტანა შეიძლებაო. რჩება მხოლოდ სტანდარტული პროცედურები, რომელსაც, იმედია, მალე გავივლით.

საქართველოს პირველად ექნება შესაძლებლობა, ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს რამე დამატებითი გადასახადების გარეშე. ბაზარზე გასატანად კი ყველაზე ხარისხიანად წმინდა ქართული ცაცხვისა­ და წაბლის, ასევე რაჭული­ ალპური თაფლი მიიჩნევა.

გიორგი ჭელიძე, ამბროლაურის მეფუტკრეობის კოოპერატივის თავმჯდომარე: - ქართული თაფლი საუკეთესოა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს ევროპაში გასატანად. ბოლო 2 წელიწადია, საამ­ისოდ ბევრი რამ გაკეთდა, რასაც მეფუტკრეები ვხედავთ და ვაფასებთ. მალე ქართული თაფლი ევროპაში გავა! ეს მეთაფლეებს ამოასუნთქებს, მაგრამ კარგ საქმეს ხელის შემშლელი ფაქტორები ყოველთვის სდევს - არ მახსოვს რაჭაში ასეთი წვიმიანი ზაფხული. ერთი სკიდან რომ 20-25 კილოგრამს ვიღებდით, წლეულს 10 კილოგრამამდე ამოვიღეთ. მზიანი დღეები ცოტა იყო, ფუტკარი გავიდოდა, წაიმუშავებდა, მერე მიეწყობოდა ავდარი და თავის ნამუშევარს თვითონვე ჭამდა... მთავარია, ფუტკარი გადაგვირჩეს. საბედნიეროდ, ჩვენი ფუტკარი მსოფლიოში ერთ-ერთი გამოსავლიანი და დაავადებებისადმიც გამძლეა.

- ევროკავშირის ბაზარზე ქართული­ თაფლის გასატანად რამდენიმე ათეული თაფლი შემოწმდა და პესტიციდებისა და ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობის გამო ბევრი დაიწუნეს...

- ცხადია, ასეც იქნებოდა... იმ წლებში,­ როცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე არანაირი მოთხოვნა არ იყო, ჩვენში უამრავი რაოდენობისა და წარმომავლობის პესტიციდი შემოვიდა, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით კვლავ რჩება. ბუნებრივია, ფუტკარს ვერავინ აუკრძალავს, ამა თუ იმ მცენარის ყვავილთან მისვლას, რომ პესტიციდებით არ მოიწამლოს, მაგრამ ახლა უთუოდ დადგება პესტიციდების შეზღუდვის საკითხი. ეს თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობასაც ეხება. შესაძლოა, ბევრმა­ არც იცის, რომ ფუტკარს ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ და ეს ჩანს თაფლში. თუმცა, ანტიბიოტიკები მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მეთაფლის თაფლში ფიქსირდება. წამლები მანამდე უნდა მოიხმარო, სანამ ღალის მოტანას დაიწყებს (ფუტკარი ფეხებზე ნექტარს იგროვებს და სკაში ეზიდება); ღალიანობისას წამლის მოხმარება არ შეიძლება. ეს უსინდისობაა!

ევროკავშირის მოთხოვნები ერთბაშად მოაგვარებს ამ პრობლემასაც - ანტიბიოტიკებიანი თაფლი რომ აღარ გაიყიდება, სულელის გარდა, ფუტკრისთვის ამ პერიოდში წამლის მიცემას ყველა თავს დაანებებს. მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება - ევროკავშირის ბაზარზე გასულ თაფლს ფუტკრისთვის სჭირდება ეკოლოგიურად სუფთა წამალი, რომელსაც უკვე აწარმოებს ევროპა­ და ჩვენც უნდა შემოვიტანოთ. ზოგადად, დიდი ფიქრი არ სჭირდება იმის გარკვევას, რომელი მეფუტკრე აწარმოებს არაეკოლოგიურ თაფლს - რაჭაში შექმნილ თაფლის კოოპერატივებში უკვე ყველა სკა დაინომრა. ასე რომ, საიმედოა თუ არა პროდუქციის მწარმოებელი, ადვილად გამოვლინდება. ასე იქნება დანარჩენ საქართველოშიც. თუ არ ვცდები, ჩვენს ქვეყანაში 400 000-მდე სკა ფუტკარია.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე