„პარტიზანული მებაღეობის“ წევრები დღეს მერიის წინ აქციას გამართავენ

„პარტიზანული მებაღეობის“ წევრები დღევანდელ აქციაზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან შეხვედრას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

როგორც თბილისის მერიასთან მყოფმა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, დღეს შიმშილობის მეექვსე დღეა. „პარტიზანული მებაღეობის“ წევრები დღეს, მერიის წინ 18.00 საათზე აქციას გამართავენ და აქციაზე ყველა მსურველს სხვადასხვა მცენარეების თესლებს დაურიგებენ და ასწავლიან, თუ როგორ დათესონ და მოუარონ.

როგორც „პარტიზანული მებაღეობის“ წევრმა მარიამ ბაქრაძემ განაცხადა, დღემდე თბილისის მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია და პირადად მათ არავინ შეხვედრია, რაც მერიის მხრიდან მათი აქციის უგულებელყოფაა.

„დღეს ვეცდებით, როგორმე მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩამოვიდნენ და შეგვხვდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ მათ კაბინეტში შეხვედრას, რადგან ამას აზრი არ აქვს. ჩამოვიდნენ აქ და მედიის თანდასწრებით გვესაუბრონ. ამდენი ხანია არავინ გვეხმაურება, გამოდის, რომ გვასულელებენ. დღეს ვეცდებით ყველანაირად მათ ხმა მივაწვდინოთ“, - განაცხადა მარიამ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ნინო სულხანიშვილთან ან მის მოადგილესთან, ნუგზარ კახნიაურთან შეხვედრას ითხოვენ.