"ნიუ იორკ თაიმსი" - ახლა თბილისმა დაიბრუნა თავისი იერსახე და ახლებური ამბიცია ყველგან იგრძნობა

"კავკასიის კალიფორნია", - ამ სათაურით აქვეყნებს "ნიუ იორკ თაიმსი" სტატიას საქართველოს შესახებ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ღვინის უძველესი კულტურით, გოგირდის აბანოებით, უმშვენიერესი კერძებით და მოულოდნელად, კარგი ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებით გამოირჩევა.

"მაშინ, როდესაც შავ ზღვასა და კავკასიონის მთებს შორის განლაგებული საქართველო ჯერ კიდევ რკინის ფარდის მიღმა იყო, მას ხშირად საბჭოთა კალიფორნიას უწოდებდნენ.

ქვეყანა ზომით სამხრეთ კაროლინაზე პატარაა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია ლანდშაფტით. ეს ნაყოფიერი ქვეყანა ცნობილია შესანიშნავი ხილითა და ბოსტნეულით, მშვენიერი ღვინოებითა და ნიჭიერი რეჟისორებით", - ნათქვამია სტატიაში.

„როდესაც 1970-იან წლებში ლენინგრადში ვსწავლობდი, ჩვენი ჯგუფი თბილისში წაიყვანეს. იქ ჩასვლა ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცბად შავ-თეთრმა სამყარომ ფერები შეიძინა,“ - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.

საქართველოში დაბადებულმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ქვეყანა ამ მიმართულებითაც გახადა მომხიბვლელი მას შემდეგ, რაც გასულ წელს ბალენსიაგას სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, თუმცა ტურისტების მზარდ ნაკადს საქართველოში მისი პატარა, გაუტეხელი სულის მქონე დედაქალაქი იზიდავს. ქალაქი გადაურჩა 90-იანების სამოქალაქო ომს, მშვიდობიან, პრო-დასავლურ რევოლუციას.

"ახლა თბილისმა დაიბრუნა თავისი იერსახე და ახლებური ამბიცია ყველგან იგრძნობა. ეს თვალშისაცემია მდინარე მტკვრის პარალელურად გაშენებულ, მდიდრულ, პარიზული ქუჩების მსგავს ბულვარებზე, რომლებიც ახლა მიშელ დე ლუჩის ნავის ფორმის მშვიდობის ხიდითაა დამშვენებული; სოკოებივით მომრავლებულ ახალ რესტორნებში, სადაც წარმოდგენილია ქვეყნისათვის დამახასიათებელი - სპარსული და აზიური სამზარეულოთი შთაგონებული კერძები; ელექტრონული მუსიკის ცენტრებში, რომლებიც, ზოგიერთის აზრით, ბერლინურ სცენებს უწევს კონკურენცია (ჰომოფიბია მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, თუმცა ახალგაზრდა, უცხოელი ტურისტების სიმრავლე თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს).

ადგილობრივი სამზარეულოს ფესვები თითქმის მეექვსე საუკუნიდან მოდის, როდესაც თბილისი აბრეშუმის გზის სავაჭრო გაჩერება იყო. თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივ საკვებში მსოფლიო დააგემოვნოთ, მათ შორის, შედარებით ტრადიციული - თიხის ღუმელებში გამომცხვარი პური, ხინკალი - რომლის წვნიანი შიგთავსი ჰონგ-კონგში ცნობილ ანალოგიურ კერძს უწევს კონკურენციას. ქართული ყურძნის ისტორია კიდევ უფრო ძველია - არსებული მონაცემებით, ვაზის კულტივაციის ტრადიციას სამხრეთ კავკასიაში ჩაეყარა საფუძველი, ზოგიერთი მეღვინე ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციას აბრუნებს და აუმჯობესებს. ეს ტექნიკა ღვინის ხშირად მიწის ქვეშ - თიხის ჭურჭელში შენახვას გულისხმობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქარვისფერი ღვინოები, რომლებიც კანგაუცლელი თეთრი ყურძნის ფერმენტაციის შედეგად იქმნება და საერთაშორისო სპეციალისტების ყურადღებას იმსახურებს.

მარტო დალევა არ მოგიწევთ. ქართველებს, როგორც ჩანს, ლხინის თანდაყოლილი საჭიროება აქვთ, ამიტომაც ყველას უმასპინძლდებიან", - ნათქვამია სტატიაში.