ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებელმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი დაამზადა

18 წლის გოგა ოთინაშვილმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი დაამზადა.

როგორც ეკო-ნავის შემქნელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ნავის შექმნის იდეა სახლში დაგროვილი უამრავი პლასტმასის ბოთლისგან გაჩნდა.

”ბევრი ბოთლი მქონდა და არ ვიცოდი სად წამეღო. გადავწყვიტე შემექმნა ეკო-ნავი. ინტერნეტში ვნახე მსგავსი ნაკეთობები. საქართველოში ანალოგიური რამ არ არსებობს. მინდოდა საქართველოშიც ყოფილიყო ასეთი ნავი. ეკოლოგიურია, ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნივთებით არის გაკეთებული და აგებულების მიხედვით საკმაოდ მარტივია. მის დასამზადებლად, დაახლოებით 700 პლასტმასის ბოთლი გამოვიყენე. ნავი ნიჩბებით გადაადგილდება. თუმცა, სამომავლოდ, ელექტროძრავის დამონტაჟებას ვაპირებ. ტევადობა ერთ ადამიანზეა გათვლილი. 75 კგ-მდე უძლებს. ეკო-ნავი წყალგაუმტარი სილიკონით არის შეკრული. შემდეგ ერთმანეთზე მჭიდროდაა დამაგრებული კაპრონის ძაფით. ბოლო ეტაპია ე.წ. ქაფი, რომელსაც კარ-ფანჯრების დასაფიქსირებლად იყენებენ. ეს ყველაფერი ნავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, - ამბობს გოგა ოთინაშვილი.

ახალგაზრდა გამომგონებლის თქმით, სამომავლოდ იდეის დახვეწას აპირებს.

”მინდა უფრო დიდი ზომის ეკო-ნავი გავაკეთო, რომელიც რამდენიმე ადამიანს დაიტევს. ეს პირველი ეტაპი იყო. ალბათ, უფრო დაიხვეწება იდეა”.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

თამარ კორკოტაშვილი