ხვალ საერთაშორისო კონფერენცია “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” გაიხსნება

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ, თემაზე - “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ღონისძიებას გახსნის და მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარდგება საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მიწვეულია ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი.

კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვლენ ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.

ღონისძიება „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით იმართება.