Forbes - რატომ აშენებს ჩინეთი საქართველოში ახალ ქალაქს?

რატომ აშენებს ჩინეთი საქართველოში ახალ ქალაქს - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა „ფორბსი“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ვეიდ შეფარდი წერს, რომ “ჰუალინგ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მი ენჰუამ საქართველოში ქალაქის აშენება 2007 წელს გადაწყვიტა, როცა საქართველოს ვიზიტით ესტუმრა. „მი ენჰუას საქართველო იმდენად შეუყვარდა, რომ პოსტსაბჭოური ქაოსიდან გამოსული ქვეყნის აღდგენაში საკუთარი წვილილის შეტანა გადაწყვიტა“, - წერს ვეიდ შეფარდი.

„ფორბსი“ აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია, კომპანიამ ქვეყანაში ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, მათ შორის სახელდება თავისუფალი სავაჭრო ზონა ქუთაისში, მაღალი დონის სასტუმროები, ღვინის ექსპორტი და 90%-იანი წილი „ბაზის ბანკში“.

სტატიის თანახმად, საქართველოს მთავრობასა და „ჰუალინგს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ჩინური კომპანიის პროექტებში დასაქმებულთა სულ მცირე 70% ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა იყოს, თუმცა რეალურად, პროცენტული რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალია და დასაქმებულთა 80%-ს ადგილობრივები შეადგენენ. ამჟამად ქალაქში დაახლოებით 1 000 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 95% - ადგილობრივი მაცხოვრებელია, მეტწილად ახალგაზრდა სპეციალისტი.

როგორც „ფორბსი“ წერს, საქართველოში „ჰუალინგის“ პროექტი 10 წელიწადზეა გათვლილი. პირველ ეტაპზე აშენდა სასტუმრო და ოლიმპიური სოფელი. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება, როგორიცაა სკოლები, კაფეები, რესტორნები, სახანძრო სამსახურის განყოფილება, საავადმყოფო, ასევე ახალი სასტუმროები, 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ვილები.

„ფორბსის“ თანახმად, უზარმაზარი Hualing Tbilisi Sea Plaza კავკასიაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდება, რომლის გახსნაც წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. სტატიის ავტორი წერს, რომ აზია-ევროპის გასაყარზე მდებარე კავკასიის რეგიონი საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და საქართველოს ამოცანა დღეს ამ პოზიციების აღდგენაა. სწორედ ამისკენ არის მიმართული თბილისის მზარდი თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ევროკავშირთან, დსთ-სა და თურქეთთან, ასევე სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება აშშ-სთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასა და იაპონიასთან. Hualing Group-ის წარმომადგენლები „ფორბსის“ ჟურნალისტთან საუბარში განმარტავენ, რომ საკუთარი პროექტების გარდა, კომპანია ხელს უწყობს სხვა ჩინური ინვესტიციების მოზიდვას და წარმოადგენს ერთგვარ ხიდს საქართველოსა და ჩინეთს შორის.