ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი დაიხარჯება

ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ადგილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის პროცესი მიმდინარეობს და სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გივი კუბლაშვილმა განაცხადა, დაახლოებით 2 კილომეტრამდე სიგრძის ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 15 სექტემბრამდე, სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულდება. მისივე თქმით, ბიუჯეტიდან ამ მიზნით 1 130 000 ლარი დაიხარჯება.

კუბლაშვილის ინფორმაციით, წელს სულ გზის კაპიტალურ შეკეთებაზე 52 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც თანხები 2 ახალი გზის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული, კერძოდ, მახათა-სამების ახალი გზის მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. მისივე ინფორმაციით, თბილისში ასევე დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის გზის შეკეთების სამუშაოები.