გორში საგზაო ნიშნები დამონტაჟდება

გორში 2016 წელს 305 საგზაო ნიშანი დამონტაჟდება. გორის მერიის ინფორმაციით, სადგურისა და კომბინატის დასახლებაში, სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, 26 მაისის სანაპიროზე, სუხიშვილის, ფარნავაზის, თბილისის, ნინოშვილის, სამეფოს, გურამიშვილის, ამილახვარის, ვაჩნაძის, გოგებაშვილის, შარტავას, ეკ. ჯუღაშვილის, კახნიაშვილის, ჭანტურიას, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის ქუჩებსა და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზაჯვარედინი“ 305 საგზაო ნიშნის სამონტაჟო სამუშაოებს სამიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე დაასრულებს.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 44 997 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

„ქალაქში საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოების სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 83 000 ლარი. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი ნიშნების მონტაჟს, ასევე არსებული დაზიანებული ნიშნების ახლით ჩანაცვლებას. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს განხორციელდება ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან და გზებზე სატრანსპორტო საშუალებების სვლაგეზების ცვლილებებთან ერთად“, - აღნიშნავენ გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში.

პროექტი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც დაამტკიცა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (2016 წლის 6 მაისის №94 განკარგულება; 2016 წლის 3 ივნისის №108 განკარგულება; 2016 წლის 1 ივლისის №131 განკარგულება).