შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირველი ქართული აპლიკაცია შეიქმნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის პირველი ქართული აპლიკაცია AllCooks შეიქმნა.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია iDevelopers - ის წარმომადგენელმა გიორგი კობაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, აპლიკაციის შექმნა გუნდმა 5 თვის წინ დაიწყო.

”იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ კურსები გავიარეთ, სადაც მობილური აპლიკაციის შექმნა დაგვავალეს. გაჩნდა იდეა, რომ ეს კონკრეტული აპლიკაცია შეგვექმნა”, - ამბობს გიორგი კობაიძე და დასძენს, რომ ამჟამად აპლიკაცია უკვე ატვირთულია. თუმცა მისი დახვეწა ისევ გრძელდება.

აპლიკაცია მორგებულია ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც უყვარს კერძების, სასმელებისა და დესერტების მომზადება. აპლიკაცია ქართველ უსინათლო პირებზეა ადაპტირებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად მოამზადონ საყვარელი კერძი. აპლიკაცია შექმნილია iOS-ის პლატფორმისთვის. ის მუშაობს Apple-ის ნებისმიერ მობილურ და პლანშეტურ მოწყობილობაზე (iPhone, iPad). ამ მოწყობილობებს აქვს რეჟიმი (Voice Over), რომლის მეშვეობითაც, უსინათლოს შეუძლია მისი კომფორტულად გამოყენება

”აიდეველოპერსის” წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია სხვა აპლიკაციებზეც მუშაობს და სამომავლოდ უცხოურ ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.

თამარ კორკოტაშვილი