დღეს „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს იდეებს „სილიკონ ველის“ ინვესტორები შეაფასებენ

დღეს პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა პრეზენტაციები გაიმართება.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, პრეზენტაციებს „სილიკონ ველის“ ვენჩურული ინვესტორები შეაფასებენ.

”პროგრამის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში 150-მდე განაცხადი შემოვიდა, მათ შორის 51 ფინალისტია. ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ისეთი პროექტების შერჩევა, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან გლობალური მასშტაბით და ექნებათ ზრდის შესაძლებლობა.

შემოსულ განაცხადებს 3 კვირის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ ,,სილიკონის ველიდან”. შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ინოვაციურობის ხარისხი, გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, ვენჩურული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პროდუქტები, გუნდის კომპეტენტურობა და ა.შ.”, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, ჯამში პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისთვის.