რას საქმიანობს რუსეთში ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, რომელსაც თავს დაესხნენ

47 წლის ქართველი მილიარდერი, ბიზნესმენი მინდია გულუას რუსეთის ქალაქ კრასნოდარში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი დაჭრა.

რუსული მედიის ცნობით, გულუა კლინიკაშია მოთავსებული და ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმში დაბადებული მინდია გულუა, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ომის მებრძოლი იყო, კრასნოდარის ოლქში, ქალაქ ლადოჟსკაიაში არყის ქარხნის მფლობელია. გულუა სოხუმიდან ყუბანში საცხოვრებლად 1994 წელს გადავიდა. 90-იან წლებში გულუას „ყუბანის არყის მეფეს“ უწოდებდნენ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან უსტ-ლაბინსკის რაიონში არაყ „ლადოჟსკაიას“ წარმოება.

„აფხაზეთის კონფლიქტი რომ დაიწყო, 22 წლის ვიყავი. იქიდან ქართველების გამოძევების შემდეგ, მეც სხვებივით ლტოლვილი გავხდი. კრასნოდარში ჩავედით მე, გენერალ გენო ადამიას ვაჟი და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი. ღატაკები ვიყავით, არაფერი გაგვაჩნდა. მტვირთავად დავიწყე მუშაობა, მაგრამ არ გამიმართლა, ტვირთი არასწორად ავწიე, ზედ დამეცა და ტრავმა მივიღე. იმ ქარხნის დირექტორს, სადაც მტვირთავად ვმუშაობდი, რამდენიმე ყუთი ძმარი ნისიად ვთხოვე. გამატანა, ჩავაბარეთ მაღაზიებში. შემდეგ კიდევ გავიტანეთ და ა.შ. მოგვიანებით, სწორედ ამ ქარხნიდან დაიწყო ჩემი წარმატებული ბიზნესი“, - იხსენებდა გულუა „კვირის პალიტრისთვის“ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში, სადაც ასევე აღნიშნავდა, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა.

გარდა ამისა, მინდია გულუა ოთხი კომპანიის დამფუძნებელია. ქართველი ბიზნესმენი კომპანია „მაგ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია ავტომობილებისა და ავტონაწილების ვაჭრობით არის დაკავებული. გულუა ასევე გლობს კომპანია „კრას FM“-ის 51%-იან წილს, „ბორჯომი ცენტრის“ 61%-იან წილსდა „МГЛ ჯგუფის“ 60%-იან წილს.

ბოლო ექვსი წელია ქართველი მილიარდერი რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სახელით“ პრეზიდენტია. ბიზნესის გარდა, მინდია გულუა ასევე აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და ცნობილია, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ბიზნესმენი პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გახლავთ.

მინდია გულუაზე ეს პირველი თავდასხმა არ არის. 2006 წელს კრასნოდარში მისი მანქანა ააფეთქეს. მანქანაში მყოფმა გულუამ მრავლობითი ჭრილობები მიიღო, თუმცა სიკვდილს გადაურჩა.