მაია მელიქიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა და თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია და მთავრობის აქტიური მცდელობით და ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, მსგავსი შოკის მიმართ ქვეყნის ეკონომიკა რეზისტენტული აღმოჩნდა.

„აღინიშნა, რომ ცვლილებები არ შეხებია თურქეთის საგარეო პოლიტიკასაც. ქვეყანა კვლავ განაგრძობს დასავლეთთან აქტიურ პარტნიორულ ურთიერთობას და საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთის მხარემ მადლიერება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას მის მიერ გამოხატული მყისიერი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ პრესსამსახურში.