მესტიის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე გაიზარდა

მგზავრთა ნაკადის ზრდის ფონზე, მესტიის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე გაიზარდა.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” შპს ”აეროპორტების გაერთიანების” წარმომადგენელმა განუცხადა.

აეროპორტების ოპერირების დარგში დირექტორის მოადგილის, გიორგი მოლოდინაშვილის ინფორმაციით, ავიარეისების სიხშირის გაზრდა არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა:

”ამ მომენტამდე მესტიის მიმართულებით ფრენებს 4 სიხშირით ვასრულებდით. ეს იყო ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. დავამატეთ ორი სიხშირე: სამშაბათი და ხუთშაბათი, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა მესტიის მიმართულებით მგზავრთა ნაკადის თვალსაზრისით”, - აღნიშნა გიორგი მოლოდინაშვილმა.

მისივე თქმით, მგზავრებს შორის უცხოელი და ქართველი ტურისტების პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება: 50% - უცხოელები, 50% - ქართველები.

გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, არსებული სიხშირე შემოდგომის ბოლომდე შენარჩუნდება:

”ჩვენ ამ სიხშირეს შემოდგომის ბოლომდე შევინარჩუნებთ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამინდის ცვალებადობაზე ვართ დამოკიდებული”, - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.

მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით შპს ”აეროპორტების” გაერთიანებას ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვების საფუძველზე, სუბსიდირებულ რეისებს ავიაკომპანია ”ნატახტარი” ახორციელებს.