კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ცხადდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ცხადდება.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში მისამართზე - თბილისი, ვაზისუბნის ქ. N25 უნდა წარმოადგინოს განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.

განაცხადები მიიღება 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

მათივე განმარტებით, აგრო-კომპლექტების შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24%-ს შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით, გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქართველოს მთავრობის 6 განკარგულება, რომლითაც 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს 1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი გადაეცა.