"პრემიერის ინიციატივა ბიუჯეტის ხარჯზე შპს-ების შექმნას გულისხმობს"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პრემიერის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის საზოგადოებისთვის ახალი პოზიციით წარდგენას შეეხება.

აბესაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.

"მაშინ, როცა უმუშევრობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა, ხელისუფლებამ კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა, როდესაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობის სხდომას დიდი იმედით უყურებენ და იმედოვნებენ, რაიმე მათ სასარგებლოდ ითქვას და გაკეთდეს, პრემიერის გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. ესაა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შპს-ების შექმნას და იქ „ოცნების“ აქტივისტებისა და ყოფილი დეპუტატების დასაქმებას გულისხმობს. ჯაჭვლიანმა, რომელსაც დეპუტატობისას რაიმე სასარგებლოს კეთებით თავი არ გამოუჩენია, ათეულობით და ასეულობით ადამიანის ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილ კომპანიას უნდა უხელმძღვანელოს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესაძლოა მოსახლეობა მოტყუებული, უმუშევარი დარჩეს. ამას, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება განვახორციელოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. იქ, სადაც რეალურად ადამიანებს საკუთარი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად შეეძლებათ დასაქმება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.