თბილისში ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო დღეს გაიხსნება

სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel თბილისში დღეს გაიხსნება.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მენეჯერმა ანი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მისი ინტერიერი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებს ეფუძნება.

”სასტუმროს ნომრები უკვდავი პოემის "ვეფხისტყაოსნის" გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს, ინტერიერში კი მთავარი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს, ერთ-ერთი კედელი ასევე ქვაზე, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ებრაული) შესრულებულ რუსთველის აფორიზმებს უკავია. სასტუმროში ისრაელიდან ჩამოტანილ იერუსალიმის ქვისგან შექმნილ ქვაფენილს შევყავართ. პირველივე შიდა ორ სვეტზე სპეციალურ საცავში განთავსებულია ბიბლიის ხუთწიგნეულის უძველესი გამოცემა და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი. სასტუმროში მოეწყო, აგრეთვე, ბიბლიოთეკა, სადაც სტუმარს შეეძლება გაეცნოს ლიტერატურას საქართველოსა და ისრაელის შესახებ, ვეფხისტყაოსნის უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიტორზე იტრიალებს ვიდეორგოლები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ”, - აღნიშნავენ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მენეჯერის, ანი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. ისრაელური ინვესტიციით პროექტების განხორციელება 2015 წლის აგვისტოში იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობითა და თბილისის მერის მონაწილეობით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე გადაწყდა.

ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.