მთის კურორტების განვითარების კომპანია - თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს

კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყების საკითხზე მთის კურორტების განვითარების კომპანია განცხადებას ავრცელებს

, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ამ მიზნით დამატებით რესურსს ხარჯავს და ახალ ბიუროკრატიულ ერთეულს ქმნის, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გვსურს განვმარტოთ, რომ საუბარია შპს-ზე, რომელიც უკვე არსებობს და იქ მუშაობენ მენეჯერები. პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა კურორტ „თეთნულდის“ განვითარების პროცესში მულახის თემის უფრო აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა და სწორედ ამას ემსახურება ბატონი სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურის დასახელება. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იგი ადგილობრივია და, როგორც მულახის თემის მცხოვრებლებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო, თეთნულდის განვითარების პროცესში იღებს არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, არამედ გეგმავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული სპეციფიკა და უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ეს არანაირი დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვას და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს“, - აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.