საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ელი აგვისტოსათვის 14.8 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აგვისტოსათვის 14.8 მლრდ ლარი შეადგინა

, რაც 448.9 მლნ ლარით (3.1%-ით) მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 272.9 მლნ ლარით ანუ 3.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 3.2 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 176.0 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.6 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით 1.60 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.55 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.0 პროცენტი შეადგინა.