„ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრესი კლანების სიაში პირველად პუტინის სიძის ოჯახი მოხვდა

გავლენიანი გამოცემა „ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრესი კლანების სიაში პირველად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიძის ოჯახი მოხვდა.

„ფორბსის“ რეიტინგში შამალოვების ოჯახმა მეოთხე ადგილი დაიკავა, მისი ქონება 2,4 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

გამოცემის ცნობით, ბანკ „როსიას“ თანამფლობელის, 66 წლის ნიკოლაი შამალოვის ქონება 100 მილიონ აშშ დოლარს, მისი ვაჟის, 34 წლის კირილ შამალოვის ქონება კი, 2,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ამასთანავე, 6 თვის წინ კირილ შამალოვის ქონება 1,1 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლები იყო.

„ნიკოლაი შამალოვის უმცროსი ვაჟი კირილი კატერინა ტიხონოვას მეუღლეა, რომელიც, „ბლუმბერგისა“ და „როიტერის“ ცნობით, პუტინის ქალიშვილია“, - წერს „ფორბსი“.

რეიტინგში პირველ ადგილს გუცერიევების ოჯახი იკავებს 9,8 მილიარდი აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა როტენბერგების ოჯახი 2,8 მილიარდი აშშ დოლარით, მესამეზე კი ძმები ალექსეი და დმიტრი ანანიევები, ასევე 2,8 მილიარდი აშშ დოლარით.