სოციალური მომსახურების სააგენტო სექტემბრიდან სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამას იწყებს

სოციალური მომსახურების სააგენტო სექტემბრიდან სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე დღეს პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც  სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, დაინტერესებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადება იმ დეფიციტურ პროფესიებში განხორციელდება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლინდა, ესენია: დურგალი, მზარეული, სტილისტი, კონდიტერი, ბარმენი, გიდი, ელექტრიკოსი, ტუროპერატორი, შემდუღებელი და კიდევ 47 სხვა მოთხოვნადი პროფესია, რომელთა დაუფლება სამუშაოს მაძიებელის შანსს გაზრდის, დასაქმდეს მისთვის საინტერესო სფეროში. სასურველი პროფესიის დასაუფლებლად სამუშაოს მაძიებლები მოკლევადიან - 2-დან 4 თვემდე კურსებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ 39 აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან.

სასწავლებლები თბილისსა და საქართველოს 16 მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, კერძოდ: თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ტყიბულში, საჩხერეში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ამბროლაურში, ქობულეთსა და ბათუმში.

გარდა მოკლევადიანი კურსებისა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ ოთხი თვის მანძილზე, სტიპენდიის სახით 150 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა და სურს, დაეუფლოს მოთხოვნადი პროფესიებიდან ერთ-ერთს ან გაიაროს სტაჟირება კერძო დაწესებულებაში. ამისათვის მან 9 სექტემბრის ჩათვლით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვისცენტრს, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიაროს შესაბამისი პროცედურა პროგრამაში ჩასართავად. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს ენიჭებათ.

პროგრამის მიზანი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით ღია შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობაა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს.